English | Georgian
სიახლეები ისტორია

ა(ა)იპ “ადამიანი და ბუნებასთან" 1998 წლიდან არსებობდა სამწლიანი სამედიცინო კოლეჯი, რომელიც ამზადებდა ზოგადი პრაქტიკის ექთნებს. არაფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობას ა(ა)იპ “ადამიანი და ბუნება” უკვე 1994 წლიდან ეწეოდა გერმანელ კოლეგებთან ერთად.

2009 წელს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმით გამოწვეული ცვლილებების გამო აუცილებელი გახდა კოლეჯის ხელახალი ლიცენზირება - მოვიპოვეთ სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობის N0913160 ლიცენზია.

დაარსების დღიდან კოლეჯს ფინანსურ დახმარებას უწევდა რამდენიმე საერთაშორისო ფონდი (1998-2001 წწ. - ევროკავშირი; 2001-2008 წწ. - ჰოლანდიის საქველმოქმედო ფონდი კორდაიდი). ამან შესაძლებელი გახადა  წლების მანძილზე, ქართველ მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესს გაძღოლოდნენ გერმანელი პროფესიონალი ექთანი-მასწავლებელებლები; ასევე ხელი შეგვეწყო ქართველ პროფესიონალთა ჯგუფის მომზადებაში. მათგან ერთ-ერთი - ნინო ჩიხრაძე - უკვე დოქტორანტურის საფეხურს გადის მეცნიერებაში საექთნო საქმის შესახებ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ქ.ვიტენში. დანარჩენები - მერი ვაშაკიძე, ნინო მეშვილდიშვილი და თამარ კანთელაძე რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას გერმანიის კლინიკებსა და საექთნო სასწავლებლებში. დადებული გვაქვს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ექთნების ასოციაციასთან, რომლის წამყვანი წევრები მოწვეული გვყავს კოლეჯის მასწავლებლებად.

ჩვენი კოლეჯის კურსდამთავრებულების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავებულია პროფესიის შესაბამისად და მოთხოვნა მათზე უფრო მეტია, ვიდრე პროფესიული კადრი აღიზარდა ამ წლების განმავლობაში.

დღეს პროფესიული კოლეჯი ა(ა)იპ “ადამიანი და ბუნება” გადის ავტორიზაციის პროცესს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციაა - მეორე და მესამე საფეხურის ექთნის თანაშემწე. ვფიქრობთ, რომ პროფესიული სტანდარტების ჩამოყალიბების შესაბამისად,  საგანმანათლებლო პროგრამების რიცხვი კოლეჯში მოიმატებს.

ავადმყოფის კარგი მოვლა - ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ამასთან დაკავშირებული პროფესიების განვითარების გარეშე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემების გაუმჯობესებაზე ზრუნვა შეუძლებელია. ამიტომ, ა(ა)იპ “ადამიანი და ბუნება”  დაარსების დღიდან ზრუნავდა და იზრუნებს საქართველოში საექთნო და, საზოგადოდ, ავადმყოფის მოვლასთან დაკავშირებულ ყველა პროფესიის განვითარების ხელშეწყობაზე.